პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მკვლელობის მცდელობით დაემუქრნენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გამაოგნებელია და დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
"პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა. ის არ ასახელებს, რომელ ევროკომისარზეა საუბარი.
კობახიძე წერს, რომ ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო უხსენა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ესროლეს.
ის კვლავ თავს ესხმის უცხოელ პარტნიორებს და ამბობს, რომ ისინი "ღია შანტაჟს არ ერიდებიან".
თავის პოსტში კობახიძე ამჯერადაც გლობალური ომის პარტიას ახსენებს და ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმის უკან მისი კვალია.